ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ჯგუფის (GDRI) - „სამხრეთ კავკასიის გეოლოგიური მეცნიერებები“- ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით ჟენევიევ ფიორასო, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი რადიკ მარტიროსიანი.
სამეცნიერო ჯგუფი 2010 წელს ფრანგი და სამხრეთ კავკასიელი მეცნიერების მიერ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ფარგლებში წამოჭრილი პრობლემატური საკითხების გასაანალიზებლად შეიქმნა.
პირველი პროექტი 2010-2014 წლებში განხორციელდა, რამაც პროექტის პარტნიორებს შორის მჭიდრო სამეცნიერო-კვლევით ურთიერთობას ჩაუყარა საფუძველი. პროექტის პარტნიორები არიან: ნიცა-სოფია ანტიპოლისის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), ლილის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), ივანე ჯავახიშვილს სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი), სომხეთის გეოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტი (სომხეთი), სომხეთის დედამიწის სეისმოლოგიური და ფიზიკური ასოციაცია (სომხეთი) და სხვა.
კვლევითი ჯგუფის განახლებული პროექტი ხელს შეუწყობს დედამიწის მეცნიერებების საკითხებზე მომუშავე მკვლევართა თანამშრომლობას საფრანგეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ახალი პარტნიორის სახით- უკრაინიდან.
განსაკუთრებული სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, მეორე ეტაპის (2014-2017 წწ.) განმავლობაში აქცენტი გაკეთდება ბუნებრივ რესურსებსა და სეისმურ რისკებზე.
GDRI წარმოადგენს იდეალურ ფორმას თანამშრომლობისთვის, რადგან იძლევა ინფორმაციის გაზიარების, სამუშაო შეხვედრების ორგანიზების, მკვლევართა და სტუდენტთა გაცვლის საშუალებას. ამავე დროს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, შესაძლებელია სამეცნიერო აქტივობების განხორციელება „მარკო პოლოს პროგრამის“ და ერაზმუს მუნდუსის პროექტის ფარგლებში.