საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს ჟირი ზლატუშკას და კომიტეტის სხვა წევრებს შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ ჩეხეთის ელჩი საქართველოში ტომას პერნიცკი და მისი მოადგილე ვერონიკა სიდო.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე, გამოიკვეთა ასევე მრავალი ახალი თანამშრომლობითი ინიციატივა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პარტნიორული საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებას. როგორც მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობა გაგრძელდება და შემუშავდება ერთობლივი პროექტები, მოხდება სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლა. ორმხრივი ურთიერთობები საშუალებას მისცემს ქართველ ახალგაზრდებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს ჩაერთონ გაცვლით პროგრამებსა და სხვადასახვა ერთობლივ პროექტებში.