საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - შტაინბაის უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ვერნარ ფაიქსი და ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი დოქტორი ევა კროდელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს შეხვდნენ.
შეხვედრა გერმანული მხარის ინიციატივით გაიმართა და მიზნად ისახავდა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის ამოქმედებას. სამუშაო შეხვედრაზე ვერნარ ფაიქსმა პროექტის შინაარსსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა, გამოთქვა სურვილი ითანამშრომლოს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან ამ მიმართულებით, რათა მსგავსი პროგრამის დაარსება ჩვენს ქვეყანაშიც გახდეს შესაძლებელი.
მხარეები იმედოვნებენ, რომ თანამშრომლობა მალე უფრო გაღრმავდება და ქართველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ არჩევანი კიდევ ერთ, მაღალი დონის სამაგისტრო პროგრამაზე გააკეთონ.