პრეზენტაცია წარმოადგინა საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ხელმძღვანელმა ნენსი პარკსიმ. პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სამინისტროს წარმომადგენლები, დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) საპილოტე და არასაპილოტე სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, ასევე სართაშორისო ორგანიზაციების: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCC), მსოფლიო ბანკის (World Bank) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) წარმოადგენს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების შემოღებასა და დანერგვას. პროცესის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 300 საჯარო და ეთნიკური უმცირეროსობის სკოლის დაწყებითი საფეხურის 1-6 კლასების ქართული ენის, ქართულის, როგორც მეორე ენისა და მათემატიკის მასწავლებელი და დაწყებითი საფეხურის დაახლოებით 40 000 მოსწავლე საქართველოს ყველა რეგიონიდან.
დაწყებითი განათლების 5 წლიანი პროექტი აუმჯობესებს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა უნარებს კითხვასა და მათემატიკაში, მასწავლებლებისათვის სწავლების ახალი სტრატეგიების გაცნობის, ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველყოფისა და კითხვასა და მათემატიკაში საგნობრივი ექსპერტების კომპეტენციების გაზრდის გზით.
დაწყებითი განათლების პროექტი ასევე ხელს უწყობს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების მოდელის შემუშავებასა და დანერგვას, რაც ითვალისწინებს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების შექმნას მასწავლებელი ფასილიტატორების ხელმძღვანელობით და პროცესში სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში საზოგადოებისა და მშობელთა ჩართულობას.
პროექტმა უკვე დაიწყო პილოტირების პროცესი 122 საპილოტე სკოლაში, სადაც მიმდინარეობს ტრენინგები 1200 დაწყებითი საფეხურის ქართული ენის, ქართულის, როგორც მეორე ენისა და მათემატიკის მასწავლებლებისათვის სწავლებისა და შეფასების ეფექტური სტრატეგიის შესახებ.
2016 წელს პროექტის დასრულებისათვის ქართველი მოსწავლეებისათვის მისაწვდომი იქნება მრავალფეროვანი რესურსები, ისინი მიიღებენ მხარდაჭერას კითხვასა და მათემატიკაში, რაც დაეხმარებათ მათ აქტიურად ჩაერთონ სწავლის პროცესში და დაეუფლონ მაღალ სააზროვნო უნარებს და ცოდნას.