საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ესტონეთის ელჩის მოადგილეს სვენ სივარტს, ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს წარმომადგენლებს, ტალინის უნივერსიტეტისა და სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ესტონეთის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისა და სოციალური რისკის მქონე ბავშვებისათვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით.
პროექტი „ხარისხიანი განათლება სოციალური რისკის მქონე ბავშვებისათვის“, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ესტონეთის მთავრობის დაფინანსებით, ასოციაცია „სკოლა-ოჯახი-საზოგადოება“ ახორციელებს, დაიწყება 2014 წლის 24-25 მაისს.
პროექტში ჩართულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 25 საჯარო სკოლის პედაგოგები, ფსიქოლოგები და სპეც-პედაგოგები. 7 სკოლა წარმოდგენილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს რეკომენდაციით.
პროექტი წარმოადგენს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების განვითარების 2011-2015 წწ. გეგმას და მისი მიზნები თანხვედრაშია იუნესკოს მიზნებთან „განათლება ყველასათვის“ და მილენიუმის განვითარების მიზნებთან „განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა“.
ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტრო და ესტონეთის საელჩო საქართველოში მუდმივ მონიტორინგს გაუწევენ პროექტის მიმდინარეობას.