საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი რეგიონებში ვიზიტს აგრძელებს. დღეს, თამარ სანიკიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, მიმდინარე სასწავლო პროგრამებს გაეცნო და სტუდენტებს შეხვდა. მინისტრმა მათ უმაღლესი განათლების სფეროში განხორიელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სიახლეებზე პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრის დასასრულს თამარ სანიკიძემ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
განახლებული პროგრამებით, უნივერსიტეტის შვიდ ფაკულტეტზე (განათლების; ჰუმანიტარულ; სოციალურ მეცნიერებათა; საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის; ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის; ტურიზმის; ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა და ტექნოლოგიურ ფაკულტეტებზე), 6000-მდე სტუდენტი სწავლობს.
მინისტრთან ერთად შეხვედრას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუაც დაესწრო და მან ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს ახალი პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც მომავალ თანამშრომლობას და კურსდამთავრებულთა დასაქმებაში ხელშეწყობას გულისხმობს.