საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გალერეაში "შარდენი" სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნახატები, ფოტოები, ხელნაკეთი ნივთები და სამინისტროს მიერ ინკლუზიური განათლების მიმართულებით შექმნილი რესურსები - ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი სახელმძღვანელოები, ანბანი, მასწავლებლბის გზამკვლევები, წიგნები ქართული ენასა და მათემატიკაში სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის და ჟესტური ენის სახელმძღვანელო. ასევე კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა უსინათლო ბავშვებისთვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღიარებს, რომ განათლების მიღება ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მიზნად ისახავს ყველა ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროება მაქსიმალურად იყოს ასახული განათლების ეროვნული პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
ამ მიმართულებით განათლების სამინისტრომ არაერთი ძირეული სიახლე დანერგა. ამჟამად, ორ სკოლაში გახსნილია ინტეგრირებული კლასები, რაც გულისხმობს საჯარო სკოლის სივრცეში სპეც-კლასის არსებობას. ამასთან, შეიქნმა დაფინანსების ახალი სისტემა, რაც გულისხმობს საჯარო სკოლებში სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგების არსებობას. 2013 წელს პირველად დაიბეჭდა უსინათლო სკოლის მოსწავლეებისთვის ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები და გაკეთდა პირველკლასელთათვის ქართული ენის ანბანი. იგეგმება კიდევ ორი ინტეგრირებული კლასის გახსნა, მულტიდისციპლინური გუნდის გაზრდა და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება.