პროფესიულ განათლებაში სახელოვნებო დარგების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“ სტუდენტების მიერ შესრულებული თექის ნამუშევრებისა და ცნობილი მხატვრების, ხატმწერების, ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, ასევე გაიმართა სტუდენტთა მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაცია და დაჯილდოების ცერემონიალი.
ამავე დღეს საფუძველი ჩაეყარა ილია ჭავჭავაძის სახელობის ხელოვნების სასახლეს. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ხელოვნების სფეროს ცნობილი წარმომადგენლები.
რეგიონული მნიშვნელობის ილია ჭავჭავაძის სახელობის ხელოვნების სასახლე მომავალში მრავალ საიტერესო მხატვრულ-ლიტერატურულ ღონისძიებას უმასპინძლებს და ბევრ კულტურულ წამოწყებას დაუდებს საფუძველს. აქ ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდებიან, მოაწყობენ მასტერკლასებს, ლიტერატურულ და მუსიკალურ საღამოებს.
მრავალპროფილიან კოლეჯში „აისი“ 600-მდე სტუდენტი 22-მდე პროფესიას ეუფლება, მათ შორისაა სახელოვნებო დარგები - თექის ხელოსანი და დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი. ხელოვნების სასახლის დაარსებით, კოლეჯის ადმინისტრაცია ახალი სახელოვნებო პროგრამების დანერგვასაც გეგმავს, კერძოდ - მხატვრობისა და ხატწერის.