ღონისძიების ფარგლებში, ვეტერინარიული მომსახურების სპეციალისტისა და ფერმერის სპეციალობებზე მოდულარული სწავლების პილოტირების მიზნით, ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს პროფესიულ კოლეჯ „ოპიზარსა“ და კერძო სექტორს შორის.
მემორანდუმი ითვალისწინებს კერძო სექტორის საწარმოო ბაზაზე პროფესიულ სტუდენტთა მიერ პრაქტიკული კომპონენტების ათვისებას, რაც ახალი მოდულური პროგრამების განხორციელების ფარგლებში, თავისთავად ითვალისწინებს დამსაქმებელთა აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში.
ახალი სასწავლო პროგრამები პასუხობს საქართველოს სოფლის მეურნეობის დასაქმების ბაზრის ყველაზე მწვავე საჭიროებებს. აღსანიშნავია, რომ ფერმერობა, როგორც პროფესია, პირველად დამკვიდრდება პროფესიული კოლეჯების პროგრამაში.
ახალი პროგრამები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა შეაფასა, მისი განცხადებით - ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის, სრულიად თანამედროვე, შედეგებზე ორიენტირებული მოდულური პროგრამები, რომელიც საბოლოო ჯამში აამაღლებს ხარისხს და მივაღწევთ იმ დონეს, რაც გვჭირდება პროფესიულ განათლებაში.
ახალი სასწავლო პროგრამების პილოტირება გაიმართება 2014 წლის ზაფხულში ახალციხის, კაჭრეთის, თელავისა და სენაკის პროფესიულ კოლეჯებში. საცდელ პროგრამებში 130 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.
პროგრამები სოფლის მეურნეობაში შემუშავებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევითa და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.