მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014-ის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა და მას 200-მდე სტუდენტი დაესწრო.
მემორანდუმის მიზანია სტუდენტების ინფორმირებულობის ამაღლება 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მნიშვნელობის შესახებ და აღწერის პერიოდში სტუდენტების შესაძლო დასაქმების ხელშეწობა.
შეხვედრის დასაწყისში მერი დაუშვილმა სტუდენტებს სრული ინფორმაცია მიაწოდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით და ამ პროცესში სტუდენტთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრის მეორე ნაწილი თამარ სანიკიძის სტუდენტებთან დიალოგს დაეთმო. მინისტრმა სტუდენტებთან ერთად მიმიდნარე სასწავლო წელი შეაჯამა და მოკლედ ისაუბრა განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე. შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჯიმში გაგრძელდა, თამარ სანიკიძემ სტუდენტების ყველა შეკითხვას უპასუხა.