ფერმერთა საკონსულტაციო ანუ ექსტენციის ცენტრი ინფორმაციითა და ტრენინგით ემსახურება ადგილობრივ ფერმერებს. 2013 და 2014 წლებში პრაქტიკული დახმარება აქ 700-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო. ასევე განხორციელდა 30-მდე სადემონსტრაციო პროექტი, რომელთა დანიშნულებაა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.
ინოვაციური სათბური ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სადემონსტრაციო პროექტია, რომელიც შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. ენერგოეფექტური სათბური იყენებს ენერგიის ჰიბრიდულ სისტემას - გეოთერმულ და მზის ენერგიას. სათბური გადახურულია პოლიკარბონატით, მდგრადი და ეკონომიური მასალით, რომელიც შესანიშნავ თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. ტრადიციულ სათბურებთან შედარებით, ასეთი სათბური 60 პროცენტით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. ხოლო სათბურში გეოთერმული ენერგიის გამოყენება საქართველოსთვის ინოვაციური მიდგომაა.
ინოვაციური სათბურით ისარგებლებენ როგორც მცირე ფერმერები, ასევე პროფესიული სასწავლო კურსების სტუდენტები. სათბურში უკვე გაიარა პრაქტიკული სწავლება 50-ზე მეტმა სტუდენტმა.