საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან დიალოგის რეჟიმში შეხვედრა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როდესაც შეხვედრა რეგიონში იმართება.
შეხვედრის მიზანი იყო მინისტრს პირადად გაეცნო მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები პროფესორ-მასწავლებლებისთვის და მათგან მოესმინა შეფასება სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებზე, ასევე მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გაცნობა და შენიშვნებისა და წინადადებების მოსმენა.
ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის ზუგდიდისა და სენაკის ფილიალებში ხორციელდება როგორც საბაკალავრო ისე, პროფესიული პროგრამები. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მინისტრისაგან შეიტყეს, რომ მომდინარე წელს სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სენაკის პროფესიული სასწავლებლის სრულ რეაბილიტაციას, სველი წერტილების მოწესრიგებას, მესაქონლეობის ფერმის მშენებლობასა და სასწავლებლის გაზიფიკაციას განახორციელებს. ასევე მოხდება ამავე სასწავლებლის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია.
სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია განხორციელდება მესხიას სახელობის უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალშიც, ასევე მოხდება შენობის გადახურვა.
უნივერსიტეტის რექტორის პროფესორ თეონა ხუფენიას განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სასწავლებელში დაიგეგმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორივე ფილიალში საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციაა, ვინაიდან ეს სტუდენტებს აფხაზეთის ტერიტორიიდან, ასევე სოციალურად დაუცველ სტუდენტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, საცხოვრებლის პრობლემას მოუხსნის და მნიშვნელოვნად გაზრდის სწავლის ხელმისაწვდომობას.