სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.
მასწავლებლის სტანდარტის უპირველესი დანიშნულება მასწავლებელთა საქმიანობის პროცესის მართვა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. სწორედ ის, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიონალი მასწავლებელი, გაწერილია სტანდარტში. ის უშუალოდ უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, როგორიცაა ეროვნული სასწავლო გეგმა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები.
სტანდარტი საფუძვლად უდევს მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების, ასევე მასწავლებლის შეფასების ერთიან სისტემას. როგორც მოქმედი, ასევე, მომავალი მასწავლებლებისათვის მნიშვნელოვანია მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების სისტემა მთლიანობაში იყოს განხილული.
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი 2008 წელს დამტკიცდა, თუმცა მას შემდეგ აუცილებელი გახდა სტანდარტის პირველ ვერსიაში ცვლილებების შეტანა და მასწავლებლის სტანდარტის ძირითადი, პედაგოგიური ნაწილის დახვეწა ახალი გამოწვევების შესაბამისად. ასევე, 2014 წლის მარტში ცვლილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი იყო მასწავლებელთა ოთხ სხვადასხვა საკვალიფიკაციო კატეგორიად დაყოფა, რაც საფუძვლად დაედება პროფესიული განვითარების სქემის განახლებულ ვერსიას.