სკოლა-სემინარში ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რამდენიმე ინსტიტუტის დირექტორმა და წამყვანმა სპეციალისტმა, ასევე პროფესორებმა ბონის, მიუნსტერის, კიოლნის, აახენისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტებიდან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს. მისი თქმით, „კონფერენცია მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ დღეს აღნიშნავენ 10 წლის ურთიერთთანამშრომლობის იუბილეს, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. 10 წლის მანძილზე ძალიან კარგ შედეგებს მიაღწიეს ჩვენმა უნივერსიტეტებმა და გერმანელმა კოლეგებმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი ურთიერთობა არის სახელმწიფოს მხრიდან მხარდასაჭერი, რათა ეს ურთიერთობა გახდეს უფრო სისტემატური და გრძელვადიანი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვიყენებთ მათი აქ ყოფნის პერიოდს; მოვამზადეთ უკვე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც მოვაწერთ ხელს და ამით მხარს დავუჭერთ ქართული უნივერსიტეტების კონსორციუმის მუშაობას იულიხის ცენტრთან და გერმანიის სხვა კვლევით დაწესებულებებთან.“
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართულ-გერმანული სამეცნიერო თანამშრომლობის 10 წლისთავს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენთვის. იულიხის ცენტრი წარმოადგენს გერმანულ მხარეს ამ თანამშრომლობაში, სადაც ქართველ მეცნიერებს, დოქტორანტებს, სტუდენტებს წლებია უკვე საშუალება აქვთ კვლევები განავითარონ გერმანელ კოლეგებთან ერთად. ეს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ გლობალიზაციის პერიოდში მნიშვნელოვანია გლობალური ჯგუფები მუშაობდეს საერთაშორისო მასშტაბის პრობლემების გადაწყვეტაზე; იმ პრობლემების, რომელზეც იულიხის კვლევითი მუშაობს,“- აღნიშნა იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა სებასტიან შმიდტმა.
კონფერენციის გახსნაზე ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შექმნას, იულიხის ენერგიისა და კლიმატის ცენტრსა და ნეიტრონის ინსტიტუტის კვლევით ცენტრში ქართველ სტუდენტთა სტაჟირებას ითვალისწინებს.
პირველი კონფერენცია ადრონთა ფიზიკას მიეძღვნა და 2004 წელს ჩატარდა. თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტთან ერთად, მისი ორგანიზატორები იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი და UNESCO-ს ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სკოლა იყო. კონფერენცია წარმატებული აღმოჩნდა, გახდა ტრადიციული და ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. გამონაკლისი იყო 2008 წელი, როცა კონფერენციის ჩატარებას ხელი აგვისტოს ცნობილმა მოვლენებმა შეუშალა.
2010 წელს კონფერენციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შეუერთდა. პარალელურად
გაჩნდა ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის იდეა (Georgian-German Science bridge
connecting people and knowledge). 2014 წლისთვის
კონფერენციის თემატიკა კიდევ უფრო გაფართოვდა და მოიცვა ფუნდამენტური და გამოყენებითი
კვლევების მნიშვნელოვანი არეალი. წლევანდელ საიუბილეო კონფერენციაში მონაწილეობას ილიას უნივერსიტეტიც იღებს.
კონფერენციების
დაფინანსებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა
რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს. ამავე ფონდის თანადაფინანსებით, ბოლო წლებში
მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველი სტუდენტების ჩართულობა იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარე
კვლევებში. თსუ სტუდენტები საერთაშორისო კოლაბორაციების ფარგლებში, სამაგისტრო და სადოქტორო
ნაშრომებს იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებში ასრულებენ. ახლო
მომავლისთვის წარმატებული დოქტორანტებისათვის
დაგეგმილია გერმანულ უნივერსიტეტებთან საერთო სადოქტორო პროგრამების შექმნა, რაც ქართველ
სტუდენტებს საშუალებას მიცემს იქონიონ ორმაგი ხარისხის დიპლომი.