„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“-მ, საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ პროექტის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტმა პროფესორმა ნენსი მარლენიმ და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გახსნეს.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისაგან შემდგარი კონსორციუმი საქართველოში საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს. აღნიშნული უნიკალური საგანმანათლებლო პროექტის შედეგად, კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში. პროექტის ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარია.
პროექტი ხორციელდება საქართველოსა და აშშ-ის შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელებას.
ღონისძიებაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართა და პროექტი შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა - ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის მეშვეობით, მომავალი 20 წლის განმავლობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება ამერიკული და საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამები. ჩვენი ახალგაზრდები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ და საერთაშორისო სტანდარტების დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში, რაც შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ყველას ვულოცავ ამ შესანიშნავი საქმის წამოწყებას! პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა აშენონ!
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა - დღეს მნიშვნელოვანი მემორანდუმი ფორმდება. ყველანი მივედით იმ ეტაპზე, როცა უშუალოდ ვიწყებთ პროგრამის განხორციელებას. უნივერსიტეტებში მომზადდებიან პროფესორ-მასწავლებლები, შეიქმნება საჭირო ინფრასტრუქტურა - ლაბორატორიები და ა.შ. ეს არის სერიოზული გარდატეხა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, რომელიც პირდაპირ აისახება სწავლის ხარისხზე.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა (SDSU) და ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისაგან შემდგარი კონსორციუმი სამეტაპიანი საერთაშორისო ტენდერის შედეგად შეირჩა.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში 2014-2015 სასწავლო წლიდან შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს:
საქართველოსთან მომავალ თანამშრომლობას - ასე აფასებს სან დიეგოს სახელმწფო უნივესიტეტის პროვოსტი ნენსი მარლენი - ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც სტუდენტებს საქართველოდან შესაძლებლობას მისცემს განათლება საქართველოშივე მიიღონ და აიღონ ამერიკული დიპლომი. მიმართულებები საკმაოდ პრესტიჟულია: ბაკალავრიატის დონეზე განხორციელდება საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური პროფესიების პროგრამები.