საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან პროფესიული განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით პროფესიული განათლების სისტემის განვითარებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ კერძო სექტორისა და პროფესიული კავშირების ჩართულობა, არამედ სამოქალაქო საზოგადოების ძალიან აქტიური მონაწილეობა. სწორედ ამიტომ, ინფორმაციის გაზიარების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სამოქალაქო საზოგადოებასთან რეგულარულ შეხვედრებს აწყობს. დღევანდელ შეხვედრაზე, დამსწრე ორგანიზაციებმა მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განათლების სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით, გაეცნენ იმ პროექტებსა და ინიციატივებს, რომელიც ამ სფეროშია დაგეგმლი.
შეხვედრაზე, სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (2013-2020 წლები) წარმოადგინა და ვრცლად ისაუბრა უკვე განხორციელებულ პროექტებზე.
შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი ოლივერ რაისნერი დაესწრო, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოებას ინფორმაცია იმ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე მიაწოდა, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ფინანსური შეთანხმების დოკუმენტით „დასაქმება და პროფესიული განათლება" არის მხარდაჭერილი. ოლივერ რაისნერის თქმით - პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განათლების სტრატეგიის მიმდინარეობაზე და ევროკავშირის მიერ ამ რეფორმის მხარდაჭერაზე, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ რეფორმის განხორციელებაში ისინი აქტიურად ჩაერთვნენ თავის იდეებით, საქმიანობით თუ გამოცდილებით, რეფორმის ფარგლებში მზადდება ახალი საგრანტო კონკურსი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალსიწინებს მთლიანად საქართველოს რეგიონის ჩართულობას. რეფორმა ნამდვილად შედეგებზე იქნება ორიენტირებული, რაც დასაქმებასა და პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიესალმება საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და მზადაა მათთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.