სამუშაო შეხვედრაზე ლია გიგაურმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად 2013-2014 სასწავლო წელი შეაჯამა და სისტემაში განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია წარმოადგინა.
სამუშაო შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დირექტორებმა და მასწავლბლებმა ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი. მათ ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები გამოეთქვათ.
პანკისის ხეობაში 5 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს 1300-მდე მოსწავლითა და 120 მასწავლებლით. სკოლებში, სადაც ეთნიკური ქისტები და ჩეჩნები სწავლობენ, სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობს, ერთ სკოლაში რუსული სექტორი ფუნქციონირებს. „სკოლების ხელმისაწვდომობის ქვეპროგრამაში“ 4 სკოლაა ჩართული და შესაბამისად, ამ სკოლის მოსწავლეები სატრანსპორტო მომსახურებით სარგებლობენ. ხეობის სამ სკოლას ნაწილობრივი რეაბილიტაცია აქვს გავლილი, ორი სკოლა სრულადაა რეაბილიტირებული, სკოლები აღჭურვილია ახალი ინვენტარით, ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტ-მომსახურებით.
პანკისის ხეობაში სასკოლო ცხოვრება ისევე სრულფასოვნად მიმდინარეობს, როგორც საქართველოს ნებისმიერი ქალაქის თუ სოფლის სკოლაში, პანკისელი მოსწავლეები მონაწილეობენ სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა პროგრამებსა და კონკურსებში, ასევე წარმატებით მონაწილეობენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ხუთი სკოლიდან ორ სკოლას სერტიფიცირებული დირექტორი ჰყავს, სასერტიფიკატო გამოცდებში მონაწილეობენ მასწავლებლებიც, ასევე გადიან მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს თბილისში და ადგილზეც.