სტუდენტთა პრაქტიკული სწავლების საკითხებზე, ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში ,,ახალი ტალღა“ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
კოლეჯების წარმომადგენლებმა ერთმანეთს ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამსაქმებლებთან ურთიერთობის კუთხით არსებული გამოცდილება და მიღწეული შედეგები გაუზიარეს. ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა სტუდენტთა პრაქტიკული სწავლების ხარისხი და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლი.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, კოლეჯების წარმომადგენლებმა ერთმანეთს სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის წარმატებული მაგალითები გაუზიარეს, ასევე, წარმოადგინეს კერძო სექტორთან პარტნიორული თანამშრომლობის დამყარების ალტერნატიული მოდელები, განიხილეს პროფესიული განათლების სივრცეში არსებული გამოწვევები.
შეხვედრის მონაწილეებმა, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, იმსჯელეს იმ თემებზე, რომელთა ირგვლივ გაერთიანებით, წარმატებული მაგალითების ურთიერთგაზიარებითა და ერთობლივი მუშაობით, შესაძლებელი გახდება მათი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა, საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწა, მასწავლებლების პროფესიული განვითარება, სასწავლო მასალების შექმნა, ბიზნესის წარმომადგენლებთან კავშირების გაძლიერება და სხვ.