საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აღმოჩენილია დიდი ქართველი მეცნიერის, პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ (მიხაკო) წერეთელის ხელნაწერთა 15 ტომი, რომელთა უმეტესობა გამოუქვეყნებელია.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ბიბლიოთეკის საცავებში აღმოჩენილი უდიდესი ეროვნული სიმდიდრე – მიხაკო წერეთელის ხელნაწერები, რომელთა უმეტესობა უცნობია მკვლევარებისა და ფართო საზოგადოებისთვის.
პრეს–კონფერენციაზე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისთვის ხელნაწერთა მნიშვნელობასა და მისი დაცვისა და შენახვის თაობაზე ისაუბრა ბიბლიოთეკის დირექტორმა, აღმოჩენა შეაფასეს და ქვეყნის წინაშე მიხაკო წერეთლის ღვაწლზე ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შერვაშიძემ.
მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (23.12.1878–02.03.1965) ცნობილია როგორც ქართველი მეცნიერი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ახალგაზრდობაში პოლიტიკურ საქმიანობას აქტიურად ეწეოდა: სხვადასხვა დროს იყო საზღვარგარეთ მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციების "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი"-ს და „თეთრი გიორგი“–ს ლიდერი. სამეცნიერო თვალსაზრისით, მიხაკო წერეთელი იყო პირველი ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, სოციოლოგიური მეცნიერებების ფუძემდებელი საქართველოში, რუსთველოლოგი, ემიგრანტი მეცნიერი, რომელიც თავის შრომებს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე წერდა. ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აღმოჩენილია მისი 4 გამოუქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომის ხელნაწერი და მისი ფართოდ გავრცელებული პუბლიკაციის „შუმერული და ქართული“ გერმანული ვერსიის სამუშაო არქივი.
სამინისტროს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკაა საქართველოში, რომელიც ფლობს 4 მილიონამდე წიგნად ფონდს, უახლეს და რარიტეტულ ეგზემპლიარებს, აგრეთვე, 20 000 ელექტრონულ ჟურნალს, 100000 უცხოურ ელექტრონულ წიგნს, 22 მილიონ პატენტს, 400 საზღვარგარეთ დაცული ქართული ხელნაწერის მიკროფირს. ბიბლიოთეკა ემსახურება საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას, განათლებისა და წიგნიერების დონის ამაღლებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.