საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პირველკლასელთა და მათ მასწავლებელთა კომპიუტერებით უზრუნველყოფის პროექტთან და ახალ სასწავლო რესურსებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებისთვის სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.
მინისტრმა 2014-2015 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთათვის და მათი დამრიგებლებისთვის განკუთვნილი კომპიუტერების ნიმუში ჟურნალისტებს წარუდგინა და იმ გაუმჯობესებულ მახასიათებლებზე ისაუბრა, რითაც შერჩეული კომპიუტერები გამოირჩევა. პრესკონფერენციაზე მინისტრმა, შედარებისთვის, ჟურნალისტებს ძველი მოდელები და მათი მახასიათებლებიც გააცნო.
ამავე დღეს, იმ საგანმანათლებლო რესურსების პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც ბოლო პერიოდში მეორე და მესამე კლასელებისთვის შეიქმნა და რისი მეშვეობითაც საგრძნობლად სრულყოფილად ხდება კომპიუტერების გამოყენება. პროგრამა ჟურნალისტებს ავტორმა პროფესორმა დავით სონღულაშვილმა წარუდგინა.
რაც შეეხება პირველკლასელთა ელექტრონულ სასწავლო პროგრამებს, კომპიუტერებში ჩაწერილი იქნება საგანმანათლებლო ინტერაქტიული კომპიუტერული თამაშები/სავარჯიშოები იმ საგნებში, რომლებსაც გადიან პირველ კლასში. ეს არის დაახლოებით 50 განსხვავებული აქტივობა სხვადასხვა საგანში (ქართული, მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება და ა.შ). ახალი პროგრამების შექმნის პროცესი გრძელდება და არსებული ბაზა პერმანენტულად განახლდება. მალე გამოცხადდება კონკურსი პირველკლასელთათვის სხვადასხვა საგანში ახალი ელექტრონული სასწავლო რესურსის შექმნაზე.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე 15.6 ინჩიანი კომპიუტერები გადაეცემათ პირველკლასელთა დამრიგებლებს, რომლებიც ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და სხვა დისციპლინებში სისტემატიურად გადიან გადამზადებას. ტრენინგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კომპანია ინტელთან ერთად ახორციელებს. ტრენინგის განმავლობაში მასწავლებლები თავადაც ქმნიან სასწავლო ელექტრონულ რესურსს, რომელსაც ქსელური მეცადინეობისთვის იყენებენ, აძლევენ მოსწავლეებს ქსელურ დავალენებს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის სწავლა-სწავლების პროცესს. ამასთან, სკოლებში ინტერნეტთან სწვდომის ხარისხი მჯნიშვნელოვნად ამაღლდა და ყველა მოსწავლისთვის ელექტრონული რესურსები ხელმისაწვდომია.
რაც შეეხება პირველკლასელთათვის პორტატულ კომპიუტერებს წელს კომპანია UGT შეიძენს (46000 ცალი) და მას ყველა პირველი კლასის მოსწვლე საჩუქრად მიიღებს. როგორც პრესკონფერენციაზე თამარ სანიკიძემ აღნიშნა, პირველკლასელთათვის განკუთვნილი ახალი კომპიუტერი ტექნიკური მახასიათებლებით ბევრად აღემატება თავის წინამორბედებს. ის, რომ კომპიუტერი არის მაღალი ხარისხის, აკმაყოფილებს მოთხოვნილ სპეციფიკაციებს და არ გააჩნია არავითარი წუნი, ადასტურებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც.
შერჩეული ტექნიკა არის პერსონალური კომპიუტერების წარმოებაში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის ACER-ის მიერ დამზადებული. მსგავსი ტექნიკა მწარმოებელს არაერთხელ მიუწოდებია როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებისთვის და დიდი მოწონებითაც სარგებლობს.
გაუმჯობესებულ კომპიუტერებს გააჩნია შემდეგი მახასიათებლები:
1) წონა - შემცირებულია მაქსიმუმ 250 გრამით - სატარებლად გაცილებით მოსახერხებელია და რისკი იმისა, რომ ბავშვს შემთხვევით გაუარდეს ხელიდან შემცირებულია, ზედაპირის ფაქტურა ისეთია რომ ხელში არ სრიალებს, უძლებს 70 სმ-იან თავისუფალ ვარდნას, რაც დასტურდება ქარხნის მიერ მოწოდებული სერთიფიკატით.
2) ეკრანის ზომა და გარჩევადობა - ჩანს უფრო მეტი ფართობის გამოსახულება, უფრო მეტი კონტრასტულობით ზომიერად დიდ ეკრანზე, (ეკრანის დიაგონალმა მოიმატა 1,5"- ით, ხოლო რეზოლუციამ 40% ით, იყო 0,6 mpx, არის 1,01 mpx), მაღალი ხარისხის გარჩევადობის ეკრანი (11. 6 ინჩი, LED backlit TFTLCD , HD 1366 x 768, 16:9 a spect ratio), ბავშვის თვალს ნაკლებად გადაღლის.
3) უახლესი თაობის პროცესორი, გაცილებით ძლიერ და ენერგოეფექტური (მინიმუმ 30-40%-ით ორივე მაჩვენებელში), მაღალი სიხშირის და წარმადობის პროცესორი, პირველკლასელებს მომავალ კლასებშიც მისცემს სრულ ფასოვანი მუშაობის საშუალებას;
4) თხელი კორპუსი და თანამედროვე დიზაინი, მოდელს უსაფრთხოების მიზნით, მომრგვალებული აქვს კუთხეები;
5) ტექნოლოგიური სიახლე: კომპიუტერი არ საჭიროებს და არ გააჩნია ქულერი, მუშაობს უხმაუროდ და მუშაობის დროს არ ხურდება;
6) დენის წყარო (ელემენტი) - გაუმჯობბესებულია და მუშაობს დაახლოებით 6-7 საათი (2 ჯერ მეტი ვიდრე წინა მორბედზე);
7) კომპიუტერს გავლილი აქვს ქარხნული ტესტი ვარდნაზე და მოყვება ევროკავშირში აღიარებული ეკო-სერტიფიკატები უვნებლობაზე;
8) პროდუქტს მოყვება ერთწლიანი უფასო საგარანტიო მომსახურება.
კომპიუტერი გამოირჩევა არამარტო მაღალი ხარისხითა და მაჩვენებლებით, არამედ დაბალი ფასითაც. კომპანია UGT-ის და მისი პარტნიორი კომპანიის Acer-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპიუტერებზე შემოგვთავაზეს უპრეცედენტოდ დაბალი ფასები, მოთხოვნილ ტექნიკურ სპეციფიკაციაზე მაღალი პარამეტრები, უფასო საგარანტიო მომსახურება, მთელი ქვეყნის მასშტაბით დამატებით რამდენიმე სკოლაში ტექნოლოგიური საკლასო ოთახის მოწყობა.