საგანმანათლებლო დაწესებულებათა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა 2013–2014 სასწავლო წლის მანძილზე გაწეული სამუშაო შეაჯამეს და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს, რაც ამ სასწავლო წლის განმავლობაში განახორციელეს.
თვისობრივად შეცვლილი მანდატურის სამსახური საზოგადოებისათვის მისაღები და მოსწავლის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული გახდა. მანდატურის სამსახური სკოლას კომპლექსურ მომსახურებას აწვდის მანდატურის, ფსიქოლოგიური ცენტრებისა და სკოლებში პროფესიული ორიენტაციის/კარიერის დაგეგმვის სახით. მანდატურები არა მხოლოდ მოსწავლისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოებაზე არიან ორიენტირებულნი არამედ, ხელს უწყობენ სკოლებში ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნას. 2013, 2014 წლების სტატისტიკით, სკოლებში ძალადობის, გაკვეთილის ჩაშლის, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირებულია.
ძალიან ნაყოფიერად მუშაობს მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი, რომელიც მომსახურებას უწევს 6–დან 18 წლამდე სკოლის იმ მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს, რომელთაც ფსიქოლოგის რჩევები ან დახმარება სჭირდებათ, ცენტრში მიღებული კონსულტაციები მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ბევრი მნიშვნელოვანი პრობლების გადაჭრაში ეხმარებათ. ფსიქოლოგიური ცენტრები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებს. არსებული მოთხოვნის შესაბამისად, უახლოეს მომავალში ანალოგიური ცენტრების გახსნა დაგეგმილია გორში, ფოთში, თელავში, ოზურგეთსა და რაჭის რეგიონში.
მანდატურის სამსახური ასევე ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ ,,პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის’’ პროექტს. პროექტის მიზანია დაეხმაროს მე–9, მე–10 და მე–11 კლასის მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურ შეფასებასა და განვითარებაში, პროფესიის სწორად არჩევაში. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები სისტემატურად ამუშავებენ და აგროვებენ ინფორმაციას შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებით და აწვდიან მოსწავლეებს.
მანდატურის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა UNICEF, USAID, PH International და NASRO. ეს თანამშრომლობა ეფექტურს ხდის საქმიანობას. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და გაღრმავდება.