საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის №103 საჯარო სკოლის ძველი შენობის დემონტაჟს ახორციელებს. ავარიული შენობიდან მოსწავლეების დაუყოვნებლივ გამოყვანისა და ძველი შენობის დემონტაჟის თაობაზე გადაწყვეტილება, სამინისტრომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღო.
დემონტაჟის შემდეგ, 103-ე სკოლის ტერიტორიზე ახალი, თანამედროვე, 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება. ეს ინფორმაცია დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სკოლის ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას და ჟურნალისტებს პირადად აცნობეს.
სამინისტრომ, ქალაქის მერიასთან ერთად, ავარიულ მდგომარეობაში მყოფ სკოლასთან დაკავშირებით, ყველა საჭირო ღონისძიება მაქსიმალურად მოკლე დროში განახორციელა. რაც შეეხება ახალი სკოლის მშენებლობის დაწყებას, ამ მიმართულებითაც, სამინისტრო გააგრძელებს მერიასთან აქტიურ თანამშრომლებას და დემონტაჟის დასრულებისთანავე, ახალი სკოლის მშენებლობას დაიწყებს.
103-ე საჯარო სკოლის 500-მდე მოსწავლე 2013 წლის ოქტომბრიდან დროებით, თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში აგრძელებს სწავლას. მოსწავლეთა ტრანსპორტირებას სამინისტროს მიერ დანიშნული სასკოლო ავტობუსი ახორციელებს.
103-ე სკოლა მრავალრიცხოვან მეტრომშენის დასახლებაში მდებარეობს და ამ ტერიტორიაზე აშენებულ თანამედროვე სკოლას, ახალი კონტიგენტით შევსების დიდი პერსპექტივა აქვს.