საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ახალი სკოლის მშენებლობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოშიც დაასრულა. ამ ეტაპზე, შიდა და გარე მოსაპირკეთებელი და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სოფელ აბანოში ჩავიდნენ მოსახლეობას შეხვდნენ და პირადად გაეცნენ სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას.
სოფელ აბანოს საჯარო სკოლა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაინგრა. ბოლო 13 წლის მანძილზე სკოლა მაღაროთა სამმართველოს შენობაში იყო განთავსებული, თუმცა, რთული პირობების გამო, 2013-2014 სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებს ამ შენობის დატოვებაც მოუხდათ და სწავლა სოფელ საციხურის საჯარო სკოლაში გააგრძელეს. გასულ სასწავლო წელს, ყოველდღიურად, აბანოელი მოსწავლეების გადაადგილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული სატრანსპორტო საშუალებით ხორციელდებოდა.
სკოლის ახალი შენობა, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან შევა ექსპლუატაციაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, გათბობის სისტემით, სტადიონით, შიდა სპორტული და სააქტო დარბაზებით, ბიბლიოთეკითა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით, სკოლას ექიმის კაბინეტიც ექნება, აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმდინარე წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 9 ახალ საჯარო სკოლას აშენებს.