ევროკავშირის 27 მილიონიანი დახმარების პროგრამისა და პროფესიული განათლების განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად, მოდულური კურიკულუმების შემუშავების მეთოდოლოგიასა და სწავლება/შეფასების თანამედროვე მიდგომებში პროფესიული მასწავლებლების ტრენინგი მიმდინარეობს.
დღეს, ტრენინგის მონაწილეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და ევროკავშირის ატაშე უმაღლესი განათლებისა და სამოქალაქო საზოგადოების საკითხებში ოლივერ რაისნერი შეხვდნენ.
ტრენინგები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ტარდება და მასში 70 საჯარო და კერძო პროფესიული სასწავლებლიდან 342 პედაგოგი და ბიზნეს სექტორის ტრენინგ ცენტრებისა და პროფესიული ასოციაციების 127 წარმომადგენელი მონაწილეობს.
ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პროფესიული სტანდარტების გადახედვა და 60 მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება ხორციელდება, პროცესში ჩართულები არიან ტრენინგის მონაწილე პედაგოგები, ექსპერტები დადამსაქმებლები.
„პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა“ პროფესიული განათლების რეფორმის 2013-2020 წლების სტრატეგიისა და ევროკავშირის 27 მილიონიანი საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და დანერგვაა.
2014 წელს პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 60 მოდულური პროფესიული პროგრამებისათვის 100 პროფესიული სტანდარტი და 10 სახელმძღვანელო ევროპაში აპრობირებული მეთოდოლოგიის (DACUUM) შესაბამისად შემუშავდება. მეთოდოლოგიურ ტრენინგებში ჩართული იქნება მინიმუმ 342 პროფესიული პედაგოგი, ხოლო კოლეჯებთან კონსულტაციების შემდეგ, 50 მოდულის პილოტირება დაიწყება.