საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს - ეტაპობრივად სრულდება საქართველოს მასშტაბით 2013 წელს დაწყებული სკოლების მშენებლობები და რვა ახალი სკოლის მშენებლობა იწყება. გარდა ამისა, რეაბილიტაცია უტარდება 400-ზე მეტ საჯარო სკოლას, მათ შორისაა თბილისის 64 საჯარო სკოლა.
დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის 133-ე საჯარო სკოლას ეწვია და სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გაეცნო სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას.
133-ე საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია - გარემონტდა და მოეწყო საკლასო ოთახები, ამჯერად, დერეფნების რემონტი, იატაკისა და კარებების შეცვლა და სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს, მოეწყობა ექიმის კაბინეტი.
რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე ასევე დაგეგმილია სარინელის, წყლის გადამყვანი და სადრენაჟო სისტემის მოწყობა, არსებული ელექტროსისტემის რეაბილიტაცია. ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლა სრულად რეაბილიტირებული იქნება.
სარემონტო სამუშაოები ინტესიურად მიმდინარეობს დანარჩენ საჯარო სკოლებშიც. ასევე, 2014 წელს მოხდება 44 საჯარო სკოლის გაზიფიცირება და 34 სკოლაში ახალი გათბობის სისტემა დამონტაჟდება.
მინისტრის განცხადებით, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიც უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება ვინაიდან, სასკოლო ინფრასტრუქტურის მკვეთრად გაუმჯობესება და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება. ამ მიმართულებით სამუშაოები გეგმაზომიერად, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაყრდნობით გაგრძელდება.