საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წევრებმა ახალგაზრდა ნატურალისტთა მეორე საერთაშორისო ტურნირში ოქროს მედალები მოიპოვეს. ტურნირი ბულგარეთის ქალაქ კიუსტენდილში ჩატარდა.
გუნდის ტურნირში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ „განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა, პროექტი აკად. ი. ვეკუას სახ. ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლამ წარმოადგინა და განახორციელა.
საქართველოს ნაკრები გუნდი დაკომპლექტებული იყო აკად. ი. ვეკუას სახ. ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე, ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 და ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან.
ნორჩ ნატურალისტთა ტურნირი არის ახალი, ოლიმპიადებისაგან რადიკალურად განსხვავებული, ინტელექტუალური კონკურსი 12-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის. ტურნირი წარმოაჩენს მოსწავლეების უნარს წარმატებით გადაჭრან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დასმული პრობლემები, წარმოადგინონ ჩატარებული კვლევების შედეგები და შეძლონ მათი დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში.