საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს N977 ბრძანებით განისაზღვრა იმ დირექტორობის კანდიდატთა სია, რომლებიც ასარჩევად წარედგინენ თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს. გაცნობებთ, რომ 2014 წლის პირველ სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენა. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამეურვეო საბჭო დირექტორს ირჩევს სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენილი დირექტორობის კანდიდატებისაგან, მათი წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისად, 2014 წლის 5 სექტემბრამდე ქალაქ თბილისის ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება დირექტორობის კანდიდატის მიერ პროგრამის წარდგენა და სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევა/არარჩევა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს N977 ბრძანებით გათვალისწინებულმა დირექტორობის კანდიდატებმა უნდა მიმართონ ქალაქ თბილისის შესაბამისი საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს და არჩევნებამდე უნდა წარუდგინონ:
ა) დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
ბ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
დ) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტი.
ამასთან, არჩევნებამდე კანდიდატებს დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ სკოლიდან მათთვის სასურველი ინფორმაცია გამოითხოვონ და სურვილის შესაბამისად აწარმოონ შეხვედრები.
,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სამეურვეო საბჭო დირექტორს ირჩევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით. დირექტორის ასარჩევად სამეურვეო საბჭო დირექტორობის კანდიდატების პროგრამებს ისმენს საჯარო სხდომაზე.