საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაეწრო. ღონისძიებას სკოლების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების, უმაღლესი სასწავლებლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენცია „მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის“ სქემის განხილვას მიეძღვნა და მის მუშაობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ახალი სქემის ფარგლებში სისტემური მიდგომა შემუშავდა, რომელიც პედაგოგის მხარდაჭერასა და პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული. სქემის ამოქმედებით მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო დაფასებული და ამავდროულად, ახალგაზრდა კადრებისათვის მიმზიდველი გახდება.
„მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის“ სისტემის დანერგვის ძირითადი მიზანი კი სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა.
დოკუმენტი განსაზღვრავს პროფესიაში შესვლის, პროფესიული განვითარებისა და წინსვლის აუცილებელ გზებსა და საშუალებებს, ქმნის წინაპირობებს მასწავლებლის პროფესიის რეგულაციისთვის.
2015 წელს დამატებით გამოიყოფა ფინანსური რესურსები და დაიწყება მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება; მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი მომდევნო წლებშიც - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.