10.09.2014
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ზოგად განათლებაში
განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით, ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია
მიაწოდა.
ზოგადი განათლების მიმართულებით
გატარებულ ღონისძიებებს საფუძვლად უდევს სამინისტროს მიერ ჩატარებული ანალიტიკური სამუშაოები, კვლევების შედეგები
და კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და განათლების ექსპერტებთან, რის შედეგადაც,
2014 წელს შემდეგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა:
- დასრულდა ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტის
რევიზია, შესაბამისად, დაწყებითი საფეხურებისათვის ახალი სახელმძღვანელოები შეიქმნება;
- 2014-2015 აკადემიური წლისათვის ეროვნულ სასწავლო გეგმაში უკვე განხორციელებულია დაგეგმილი
ცვლილებების ნაწილი,
მათ შორის: მეორე უცხო
ენის სწავლება
სავალდებულო გახდა
მე-5 კლასიდან
ნაცვლად მე-7-კლასისა, განისაზღვრა სადამრიგებლო საათის
თემატიკა დაწყებით
კლასებში, ის
ორიენტირებული გახდა
წიგნიერების დონის
ამაღლებასა და
ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე. საბაზო საფეხურზე სადამრიგებლო საათი კარიერის დაგეგმვისა და
პროფესიული ორიენტაციის უნარების განვითარებას დაეთმობა. სექტემბრიდან საშუალო
საფეხურზე დაიწყება
მეწარმეობის კურსის
პილოტირება 100 საჯარო
სკოლაში, აბიტურის
საათის შინაარსის
და მიმართულების არჩევის უფლება
მიეცა სკოლას
მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე. სასწავლო
გეგმის მიხედვით განისაზღვრა დამრიგებლის მშობელთან ურთიერთობის სავალდებულო ფორმატი
და შინაარსი. აგრეთვე, ამოქმედდება მშობლების განათლების პროგრამა.
- 2014 წლის სექტემბრიდან დაიწყება
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგი საბაზო და საშუალო საფეხურებზე. მიღებული
შედეგები გამოყენებული იქნება ამ საფეხურების საგნობრივი სტანდარტის რევიზიისათვის.
2015 წლის პირველ კვარტალში დასრულდება საბაზო საფეხურის რევიზია.
- მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის პროგრამის პილოტირება
წარმატებით დასრულდა და ამჟამად პროგრამაში ჩართულია 500 სკოლა.
- გრძელდება საქართველოს მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის
რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა. ახალი სასწავლო წლისთვის სრულდება
400-მდე სკოლის სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ახალი სასწავლო წლისთვის
დასრულდება ასევე 2 ახალი სკოლის მშენებლობა, 2014 წლის ბოლომდე 6 ახალი სკოლა შევა
ექსპლუატაციაში, ხოლო სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლა, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე
(1000 ბავშვზე გათვლილი), 2015 წლის დასაწყისში
დასრულდება. წელს დაიწყება 8 ახალი სკოლის მშენებლობა. აქტიურად მიმდინარეობს სკოლების
აღჭურვა საჭირო ინვენტარით, 2014 წელს აღიჭურვება 1500-ზე მეტი სკოლა, ყველა პირველკლასელს
და მათ დამრიგებლებს კომპიუტერები გადაეცემათ.
- გრძელდება უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროგრამა.
2014 წლის სექტემბრიდან 500 000-მდე მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო სახელმძღვანელოებით.
- სასკოლო ავტობუსები მოემსახურება 1000-ზე მეტ სკოლას.
შესაბამისად ტრანსპორტის მომსახურებით ისარგებლებს 53 000-ზე მეტი მოსწავლე.
- ყველა სკოლაში, სადაც არის სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მოსწავლე, მუშაობს სპეციალური მასწავლებელი და დამხმარე პედაგოგი. 2014
წლის სექტემბრიდან ასეთი სკოლა 900-ზე მეტია. სკოლების მოთხოვნის შესაბამისად გაიზარდა
ინტეგრირებული კლასების რაოდენობა.
- სექტემბრიდან
სკოლებში სამედიცინო კაბინეტი ამოქმედდება
საპილოტე რეჟმში.
- ფსიქოლოგის მომსახურებაზე 700-ზე მეტი სკოლის მოთხოვნის
საფუძველზე, დაიგეგმა ფსიქოლოგიური ცენტრების საქმიანობის გადახედვა-გაფართოება.
- ამოქმედდება მასწავლებლის ახალი სტანდარტის მიხედვით
შემუშავებული პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემა.