13.09.2014
გახარებულები ვართ, ძველი სკოლა გვქონდა
და ახალი აგვიშენდა, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვისწავლით და
გავახარებთ მშობლებს და მასწავლებლებს,- ამ სიტყვებით შეეგება სოფელ აბანოს
ახალი სკოლის მოსწავლე გიორგი სებისკვერაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს,
რომელებიც დღეს ქარელში, გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ აბანოს
სტუმრობდნენ. მათ სოფლის ახალი სკოლა დაათვალიერეს და პედაგოგებსა და მშობლებს
გაესაუბრანენ.
"ახალი სასწავლო წლის დაწყება წელს თქვენთვის
განსაკუთრებულია - თქვენ ახალ სკოლაში იწყებთ სასწავლო წელს, რაც ძალიან
სასიხარულოა; სკოლის აშენებით სოფელში დიდი პრობლემა გადაიჭრა.მიხარია, რომ
დღეს ბავშვები არიან ბედნიერები, პედაგოგები კი მოტივირებულები. ჩვენთვის
მთავარია ყველა ბავშვს მიეცეს სათანადო განათლება. თუ არ გვეყოლება
განათლებული მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება,"- განუცხადა
პრემიერმა სკოლის ეზოში შეკრებილ პედაგოგებსა და მათ აღსაზრდელებს.
მისივე თქმით, სკოლები ახალ სასწავლო წელს მთელი რიგი სიახლეებით ხვდებიან,“წელს ბავშვები ისევ უფასოდ მიიღებენ სახელმძღვანელოებს, ეტაპობრივად
გაიზრდება მასწავლებლის ხელფასი, სკოლაში იმუშავებს ექიმის კაბინეტი.
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ვიწყებთ სერიოზულ მუშაობას
მასწავლებლების პროფესიული განვითარების კუთხით. თქვენი სკოლა
ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. აღარავის
ექნება გადაადგილების პრობლემა და ეს მნიშვნელოვანია,”-აღნიშნა პრემიერმა. აბანოს სკოლის ახალი შენობა, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან შევა ექსპლუატაციაში,
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია - გათბობის სისტემით, სტადიონით, შიდასპორტული და სააქტო დარბაზებით,
ბიბლიოთეკით, საბუნებისმეტყველოკლას-კაბინეტით,
სკოლა არის ადაპტირებული
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოწყობილია პანდუსები
როგორც მთავარ ასევე, სპორტული დარბაზის შესასვლელებში. ადაპტირებულია სველი წერტილებიც.
სკოლას აქვს ექიმის კაბინეტი და მიმდინარეობს ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვა.
სოფელ აბანოს საჯარო სკოლა გასული საუკუნის
90-იან წლებში დაინგრა. ბოლო 13 წლის მანძილზე სკოლა სამთომეტალურგიის სამმართველოს შენობაში იყო განთავსებული,
თუმცა, რთული პირობების გამო, 2013-2014
სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებს ამ შენობის დატოვებაც მოუხდათ და სწავლა სოფელ საციხურის საჯარო სკოლაში გააგრძელეს.
გასულ სასწავლო წელს, ყოველდღიურად,
აბანოელი მოსწავლეების გადაადგილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული სატრანსპორტო საშუალებით ხორციელდებოდა.