ჩვენ უდიდეს ძალისხმევას ვდებთ განათლების სისტემის განვითარებაში, რათა ბავშვებს ყველა პირობა ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მისაღებად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში სტუმრობისას.
ახალი სასწავლო წლის დაწყება მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ 133-ე სკოლის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს მიულოცეს. პრემიერის განცხადებით, სასიხარულოა, რომ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება განახლებულ სკოლაში უწევთ.
“მე დღეს თქვენთან მოვედი იმიტომ, რომ მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება ამ მშვენიერ, განახლებულ სკოლაში! ვულოცავ თითოეულ მოსწავლეს! ვულოცავ პედაგოგებს! განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს პირველკლასელებს! მინდა, ყველას გისურვოთ წარმატებები! გისურვებთ, რომ აქ, ამ სკოლაში გატარებული წლები ყოფილიყოს გამორჩეულად საინტერესო პერიოდი თქვენს ცხოვრებაში. პედაგოგების როლი ბავშვის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პედაგოგის პროფესია გახდეს ღირსეული და დაფასებული, რათა მათ აღზარდონ ღირსეული თაობა,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა და განათლების მინისტრმა განახლებული სკოლა დაათვალიერეს, რომელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 1000-ზე მეტ სკოლაში და ასევე შენდება ახალი სკოლები.
პედაგოგებთან საუბრისას, პრემიერი მასწავლებელთა ხელფასების ზრდის საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით, 2012-2013 წლებში გაიზარდა პედაგოგებისა და სკოლის სხვა პერსონალის ხელფასი, გაუმჯობესდა პედაგოგის საშვებულებო პირობები.
“მინდა გითხრათ, რომ 2015 წელს დამატებით გამოიყოფა ფინანსური რესურსები და დაიწყება მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება. მასწავლებლის ხელფასი გაიზრდება 2016 და 2017 წლებშიც. მასწავლებლის ანაზღაურების ზრდა დამოკიდებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ მის მიღწევებზე. ეს თითოეულ თქვენგანს გაუზრდის მოტივაციას,”- განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სკოლის პედაგოგებს.