საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველ წელს კონკრეტული ღონისძიებებით აღნიშნავს ამ დღეს. წელს, 26 სექტემბრიდან, ამოქმედდება ქართულის როგორც უცხო ენის ვებგვერდი (www.geofl.ge), რომელზეც განთავსებულია „ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამის“ ფარგლებში შესრულებული სასწავლო, მეთოდური თუ დამხმარე მასალები უცხოელი შემსწავლელებისათვის. სახელმძღვანელოები იქმნება ენის ფლობის დონეების შესაბამისად და ითვალისწინებს საერთო ევროპულ ენობრივ კომპეტენციებს. პროგრამა კვლავ აგრძელებს მუშაობას და თანდათან შეივსება ვებგვერდის ყველა ფანჯარა. ვებგვერდის გამოყენება თავისუფალია.