დღეს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის „მომავლის თაობა“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
სკოლებში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ ისაუბრა. პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 480 სკოლას გაუწევს დახმარებას სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით. სკოლები მიიღებენ დამხმარე სახელმძღვანელოებს, იგეგმება პედაგოგთა გადამზადება, მხარდაჭერა სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისათვის, მოსწავლეთა ხელშეწყობა სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და სხვა საქმიანობა სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით.
სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.