დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე იტალიაში, ქალაქ ტრიესტეში თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საერთაშორისო სიმპოზიუმის გახსნას ესწრებიან. მასში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს წამყვანი კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები, იტალიის პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატები, ათამდე ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრები, UNESCO-ს, CERN-ის გენერალური დირექტორები და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები.
სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა იუნესკოს გენერალურ მდივანთან ირინა ბოკოვასთან და ცერნის ბირთვული კვლევების ხელმძღვანელობასთან, რომელზეც ცერნში საქართველოს ასოცირებული წევრობის პერსპექტივები განიხილება. შედგება მოლაპარაკება ევროპულ კვლევით პროექტებში ქართველი ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების მონაწილეობის გაზრდაზე. განსაკუთრებული ყურადღება თეორიული ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებებს მიექცევა.
იუნესკოს გენერალურმა მდივანმა ირინა ბოკოვამ გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეცნიერებამ თანამედროვე ეტაპზე სახე იცვალა და მოიშალა საზღვარი ფუნდამენტურ და გამოყენებით მეცნიერებებს შორის. მან ასევე ისაუბრა თუ რა დიდი მნიშნველობა ენიჭება მეცნიერების ხელმისაწვდომობას განვითარებადი ქვეყნებისათვის.
სიმპოზიუმის ფარგლებში განიხილება მეცნიერების განვითარების სამომავლო პერსპექტივები და კონკრეტული ამოცანები მსოფლიოში მეცნიერების განვითარაზე. განსაკუთრებული მსჯელობის საგანი გახდა განვითარებადი ქვეყნების ჩართულობა მეცნიერების დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში და თანამედროვე კვლევით საქმიანობაში მონაწილეობისთვის.