თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის „ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციართა, მათი ოჯახის წევრთა, აგრეთვე, განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული არასრულწლოვნებისათვის პროფესიული მომზადების პროგრამის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ყოფილ მსჯავრდებულთა, მათი ოჯახის წევრთა და განრიდებულ არასრულწლოვანთა პროფესიული მომზადება და იმ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების განსაზღვრა, სადაც მოხდება ბენეფიციართა პროფესიული მომზადება. ამ პროცესზე მონიტორინგს განათლების სამინისტრო განახორციელებს.
იუსტიციის სამინისტრო კი თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა როგორც პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელების მონიტორინგის მექანიზმის შემუშავებაში, ასევე უზრუნველყოს გადამზადების პროცესის მონიტორინგში ცენტრის თანამშრომლების ჩართულობა. იუსტიციის სამინისტრო ხელს შეუწყობს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა 2012 წლის ბოლოს დაიწყო. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ მსჯავრდებულთა დასახმარებლად. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. პროექტის წარმატება, ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შემქნა ხელს უწყობს და იცავს საზოგადოებას განმეორებითი დანაშაულისაგან.