პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოში პოლონეთის საელჩოს საშუალებით, ყოველწლიურად აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს „პოლონეთის დახმარება“, რომელიც ითვალისწინებს გრანტს 3000-5000 ევროს ეკვივალენტის ოდენობით სახელმწიფო ვალუტაში.
ბარისახოს სკოლის დირექციის ინიციატივით, მომზადდა პროექტი „სოფ. ბარისახოს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის კეთილმოწყობა“, რომელმაც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწონება დაიმსახურა და ამ უკანასკნელის ფინანსური მხარდაჭერით, სკოლაში გარემონტდა, ინვენტარითა და ტექნიკური მოწყობილობებით აღიჭურვა და ახალი სახელმძღვანელოებით შეივსო სკოლის ბიბლიოთეკა და ერთი საკლასო ოთახი. აღნიშნულ პროექტში ასევე ჩაერთო ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელმაც დააფინანსა გარკვეული სარემონტო სამუშაოების შესრულება სკოლაში.
ბარისახოს სკოლაში 62 მოსწავლე სწავლობს, სკოლაში სრულფასოვნად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, მოსწავლეები ჩართულია სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ყველა პროექტში. სახელმწიფო პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის" ფარგლებში, ბარისახოს საჯარო სკოლაში, სხვადასხვა საგნის მასწავლებლად, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 6 მასწავლებელია წარგზავნილი.