ზაფხულის განმავლობაში, 176-ე საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა და გარემონტდა სასწავლო კორპუსების შემაერთებელი დერეფანი, რომელიც წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო და საფრთხეს უქმნიდა სკოლის კონტიგენტს. გარდა ამისა, გაკეთდა სპორტული დარბაზი. გასულ წელს კი, სამი სართულის დერეფნები გარემონტდა, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, მოეწყო საკონფერენციო დარბაზი და ექიმის კაბინეტი, მოწესრიგდა სველი წერტილები და სარინელი. სარემონტო სამუშაოები და საკლასო ოთახების რეაბილიტაცია სასწავლო წლის დასრულებისთანავე განახლდება.
176-ე საჯარო სკოლაში 800-მდე მოსწავლე სწავლობს, მათგან 17 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა, მათთვის სპეციალური რესურსოთახი მოეწყო და სკოლას დაენიშნა სპეცმასწავლებელი და ფსიქოლოგი, რომელთაც ხელფასით სამინისტრი უზრუნველყოფს. ამ ბავშვებს ასევე ემსახურება სამინისტროს მიერ დანიშნული ავტობუსი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ სკოლაშია ჩატარებული, აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა ორი ახალი თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა, 2014 წლის ბოლომდე ხუთი ახალი სკოლა ამოქმედდება, ხოლო 2015 წლის დასაწყისში ორი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდება. 2014 წელს 1500-ზე მეტი სკოლა აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, მოხდა 44 საჯარო სკოლის გაზიფიცირება და 34 სკოლაში ახალი გათბობის სისტემა დამონტაჟდება.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიც განხორციელდება. ამ მიმართულებით სამუშაოები გეგმაზომიერად, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაყრდნობით გრძელდება - წელს დაიწყება 8 ახალი სკოლის მშენებლობა და მომავალი სასწავლო წლისთვის ასობით სკოლა გარემონტდება.