მიმდინარე წელს, საზოგადოებრივ კოლეჯ „მერმისსა“ და „საქართველოს კარიტასს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა „დურგლის“ პროფესიის პროგრამის განვითარება და პოპულარიზაცია, ურთიერთობის დამყარება კოლეჯ „მერმისსა“ და იტალიის რესპუბლიკის (ამავე პროფილის) კოლეჯებს შორის - ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა თუ სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს კოლეჯის განვითარებასა და კოლეჯის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები სასწავლო/თეორიული კურსის გავლის შემდეგ საწარმოო პრაქტიკას გაივლიან „საქართველოს კარიტასი“ თანამედროვე დაზგა/დანადგარებით აღჭურვილ სადურგლო სახელოსნოში.
საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანური რესურსების განვითარებას, სოციალური სამართლიანობის დაცვას, გაჭირვებული ადამიანებისათვის ხელის გამართვას, მათი ღირსებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას. „საქართველოს კარიტასმა“ არსებობის დღიდან დღემდე საქართველოში მრავალი პროექტი განახორციელა. მათი სურვილი არის, აგრეთვე, პროფესიულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში საკუთარი წვლილის შეტანა. საქველმოქმედო ფონდის „საქართველოს კარიტასი“ დონორი ორგანიზაციები არიან ასოციაცია „იტალია-საქართველო“ და ტრენტოს ავტონომიური პროვინცია.