საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გრიდ და ქლაუდ (Grid & Cloud) ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, მოწვეული ექსპერტები ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციიდან, ასევე, მეცნიერები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან, კერძოდ, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.
კონფერენციის მიზანია ურთიერთთანამშრომლობის დამყარება და გამოცდილების გაზიარება მეცნიერებს შორის.
საქართველოს მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ გახდეს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ასოცირებული წევრი ახლო მომავალში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიესალმება ცერნთან მჭიდრო თანამშრომლობას. თავის მხრივ, ცერნი მხარს უჭერს სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებას, როგორიცაა ატლასის დეტექტორის კვანძების დამზადების შესაძლებლობა, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური პროექტებისა და გრიდის (კომპიუტერული ქსელის) კლასტერის განვითარებას საქართველოში. ასევე, ქართველ მეცნიერთა და მასწავლერბელთა სტაჟირება ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში, აუტისტი ბავშვებისთვის ადრონიდული თერაპიის პროექტების შემუშავება და სხვ. შემთხვევითი არ არის ის, რომ ღონისძიების მასპინძელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სწორედ უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდება გრიდის (კომპიუტერული ქსელის) კლასტერის დაფუძნება, რაც ამავდროულად იქნება ცერნის ერთ-ერთი გამოთვლითი რესურსი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მნიშვნელოვნად თვლის გრიდ და ქლაუდ ტექნოლოგიების რესურსებზე ქართველი მკვლევრების მიერ აპლიკაციების შემუშავებას.