საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა ილია წინამძღვრიშვილმა 1883 წელს, საკუთარ მამულში, თავისი ხარჯითა და საზოგადოების დახმარებით, გახსნა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლა. 1933 წელს სკოლის ბაზაზე შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. 2006 წლის მონაცემებით, სასწავლებელი ორიენტირებული იყო აგრარულ მიმართულებებზე. 2010 წელს პროფესიული სასწავლებლის ლიკვიდაცია განხორციელდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, პროფესიული სასწავლებლის ძველ შენობას 2014-2015 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ცენტრი განაახლებს ფუნქციონირებას და კვლავ აღორძინდება ის სასოფლო-სამეურნეო მიმართულელბები, რომლებიც წლების წინ წარმატებით ფუქციონირებდა. სასწავლებელში ასევე ამოქმედდება სხვა მოთხოვნადი პროფესიები.
კერძო სექტორის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არსებობს სოფლის მეურნეობის მიმართლების სპეციალისტთა დეფიციტი. მცხეთა მთიანეთში 20-მდე კერძო კომპანია ფუნქციონირებს, რომლებიც მჭიდროდ ითანამშრომლებენ პროფ-სასწავლებელთან, რაც სტუდენტების დასაქმებას შეუწყობს ხელს. სასწავლო დაწესებულება გათვლილი იქნება 300 სტუდენტზე.
სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ასრულებს საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, მშენებლობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება/აღჭურვის პროექტს.