კონფერენციის მიზანია სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში სკოლებში დაგეგმილ საქმიანობის შესახებ სკოლის დირექტორებისათვის ინფორმაციის მიწოდება. პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება, ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ. პროგრამა დახმარებას გაუწევს 480 სკოლას საქართველოს ყველა რეგიონში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით. სკოლები მიიღებენ დამხმარე სახელმძღვანელოებს, იგეგმება პედაგოგთა გადამზადება, მხარდაჭერა სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისათვის, მოსწავლეთა ხელშეწყობა სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და სხვა საქმიანობა სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით.
კონფერენციის ფარგლებში მოხდება დირექტორებისათვის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, რათა სკოლამ ეფექტიანად გამოიყენოს პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი რესურსები. პროგრამის საქმიანობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.