ფოთის საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“ 2013 წლის დეკემბრიდან თანამშრომლობს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრთან, თეატრისა და კოლეჯის ერთობლივი ინიციატივით, შედგა შეთანხმება და პროფესიული სტუდენტების მიერ ხორციელდება თეატრალური კოსტიუმებისა და აქსესუარების შეკერვა.
კოლეჯთან თანამშრომლობის პერიოდში, თეატრში დადგმული სპექტაკლებისთვსის („ალუბლის ბაღი“, „ჰამლეტი“, „ჩემს ბაღში ომია“) კოსტიუმები კოლეჯის სტუდენტებმა შეკერეს. აღსანიშნავია, რომ თეატრი 2014 წლის მაისში გაიხსნა და ღონისძიებაში მონაწილე მსახიობების სამოსი დამზადებული იყო ასევე სტუდენტების მიერ.
დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ფოთის პროფესიული კოლეჯის „ფაზისი“ სტუდენტებს შეხვდა, სასწავლებელი დაათვალიერა და შემდეგ, ფოთის თეატრის ხელმძღვანელობას შეხვდა და პროფესიული სტუდენტების მიერ შექმნილი კოსტიუმები დაათვალიერა.
„ამ ტიპის ურთიერთთანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პროფესიული სტუდენტები სამუშაოს შესრულების პროცესში იძენენ და ავითარებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და თეატრის ხელმძღვანელობა თავის მხრივ, უზრუნველყოფს კოლეჯის პროფესიულ სტუდენტთა და თანამშრომელთა ჩართვას კულტურულ ღონისძიებებში“ - აღნიშნა კოლეჯის დირექტორმა ნინო ბაკურაძემ.
კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან, როგორც პროგრამების შემუშავების, ასევე კურსდამთავრებულთა დასაქმების თვალსაზრისით. კოლეჯის პარტნიორები არიან რეგიონში მოქმედი მსხვილი კომპანიები კოლეჯში ასევე მრავალი პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.
კოლეჯი სრულად რეაბილიტირებულია და კოლეჯში მოქმედი ყველა სასწავლო სახელოსნო - სადურგლო, შემდუღებლის, ელექტრიკოსის, სტილისტის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის და ა.შ. აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით.
ღონისძიების ფარგლებში, ქეთევან ნატრიაშვილმა ფოთის წარჩინებულ მეათეკლასელებს საჩუქრად კომპიუტერები გადასცა.