საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამჯერად, ოზურგეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში ლია გიგაურმა აუდიტორიას ყველა ის სიახლე გააცნო, რაც ზოგადი განათლების მიმართულებით დაინერგა და რაც მომავალში იგეგმება.
სამუშაო შეხვედრის მონაწილე პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ მინისტრის მოადგილისაგან მოესმინათ პასუხი მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მასწავლებლის ნინო კვერღელიძის განცხადებით - საინტერესო იყო შეხვედრა ქალბატონ ლია გიგაურთან, რომელმაც ვრცლად და ამომწურავად ისაუბრა ზოგადი განათლების ინოვაციებისა და პედაგოგთა კარიერული დაგეგმვის ახალ სისტემაზე. მინისტრის მოადგილის საუბარში ასევე იგრძნობოდა თბილი და გულითადი დამოკიდებულება მასწავლებლის მიმართ.
ამავე დღეს ლია გიგაური მასწავლებელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ კონცერტსაც დაესწრო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ მეათე კლასის მოსწავლეებს საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა.