საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლას ლადო ასათიანის სახელი მიანიჭა. სახელის მინიჭება „ლადოობის“ დღესასწაულს დაემთხვა. დიდი ქართველი პოეტის ლადო ასათიანის პატივსაცემად, ყოველწლიურად, შემოდგომაზე ლეჩხუმელები „ლადოობას“ აღნიშნავენ. წელს, განსაკუთრებული იყო ეს დღე ლადოს მშობლიურ სოფელ ბარდნალაში.
„ლადოობის“ დღესასწაულზე ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით, სტარტი აიღო აქციამ სახელწოდებით „წელს ვიქცეთ ლექსად“. ამ აქციის ფარგლებში, მოსწავლეები თავიანთ თანატოლებს მათი საყვარელი ქართველი პოეტების ლექსების კითხვაში იწვევენ. აქციაში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ მათ მიერ წაკითხული ერთი ლექსის ამსახველი ვიდეო რგოლი გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: poezia@mes.gov.ge
2014 წლის 19 დეკემბერს 18:00 საათზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული ვიდეო, რომელთაც ყველაზე მეტი მოწონება ექნება. გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან ფულადი პრემიებით, ხოლო პირველ ადგილზე გასული მოსწავლის სკოლას გადაეცემა საპატიო სიგელი.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ facebook-ის გვერდი https://www.facebook.com/leqsebiskonkursi.