საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო პროგრამის მიზანია არსებული სასკოლო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებას, რაც ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებასა და მოსწავლეების რაოდენობის 20 პროცენტამდე გაზრდას.
პროგრამა ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (Millennium Challenge Corporation - MCC) და საქართველოს მთავრობას შორის 2013 წლის 26 ივლისს ხელმოწერილი მეორე კომპაქტის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. მეორე კომპაქტის მთლიანი ბიუჯეტია 140 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 54 მილიონი აშშ დოლარი სკოლების რეაბილიტაციას მოხმარდება.
აღნიშნული ეტაპისათვის დასრულებულია 2015 წელს სარეაბილიტაციოდ შერჩეული სკოლების საპროექტო დოკუმენტაცია. სარეაბილიტაციოდ განსაზღვრული სკოლების შერჩევა მოხდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ შემუშავებული და საქართველოს მხარესთან შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით.
პროგრამას ახორციელებს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.