დღეს, იაპონელ სტუმრებთან სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა და აქვე ხელი მოეწერა მაღალი ენერგიის ფიზიკისა და ტექნოლოგიების სფეროში უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებთან დაკავშირებულ თანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების საერთაშორისო ცენტრ - საქართველოსა და მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაცია KEK-ს (იაპონია) შორის გაფორმდა.
მემორანდუმი ფარგლებში მხარეები მზად არიან დააფუძნონ, გააძლიერონ და განავითარონ საერთაშორისო თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროცესში და მოამზადონ მაღალი დონის სპეციალისტები ფიზიკაში, ნაწილაკებისა და ბირთვულ ფიზიკაში, ფიზიკურ ინჟინერიასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში. დაეხმარონ ქართველ ახალგაზრდა სპეციალისტებს KEK-ში კვალიფიკაციის ამაღლებაში, რათა ქართველი ფიზიკოსები და ინჟინრები უფრო ფართოდ ჩაერთონ გლობალურ, მსოფლიო საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში.
იაპონიის მაღალი ენერგოდამაჩქარებლის სამეცნერო კვლევითი ორგანიზაცია (KEK) ქართველი სტუდენტებისთვის სწავლის შესაძლებლობებს უზრუნველყოფს და მისცემს მათ საშუალებას რეალურ ექსპერიმენტებში მიიღონ მონაწილეობა.
KEK-ის პროექტებში ჩართვით, საქართველოს და KEK-ის თანამშრომლების ზედამხედველობით, ქართული მხარე მხოლოდ სტუდენტების მგზავრობის ხარჯებს დაფარავს, სხვა ხარჯები (ცხოვრება, სწავლა, პრაქტიკა, კვლევა) კი დაფინანსებული იქნება იაპონური მხარის მიერ.