ახალი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, გათბობის სისტემით, ბიბლიოთეკით, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტებით. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის და აღჭურვილია სპეციალური პანდუსებითა და ლიფტით. აქვს სპორტული და სააქტო დარბაზები, ღია სპორტული მოედნი. ლევან ყიფიანმა მოსწავლეებს სპორტული ინვენტარი გადასცა და სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებასა და ჩატარებაში დახმარება აღუთქვა. მუხრანის სკოლა 240 მოსწავლეზეა გათვლილი.
მცხეთის რაიონში, სოფელ წილკანში კიდევ ერთი თანამედროვე სკოლა აშენდა, რომელიც მალე ამოქმედდება. სოფელ მუხრანსა და წილკანში სკოლების მშენებლობა, რომელსაც სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს, გასული წლის ბოლოს დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობდა. ეს სკოლები იმ ცხრა სკოლას შორისაა, რომლის მშენებლობაც სამინისტრომ გასულ წელს დაიწყო. სკოლების ნაწილი უკვე ექსპლუატაციაში, ნაწილი ახალ წლამდე გაიხსნება, ხოლო ორი სკოლა 2015 წლის დასაწყისში დასრულდება. მომავალ წელს კიდევ რვა ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდება.