ახალი საგანმანათლებლო პორტალის მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა და მეთოდურ, სასწავლო და სხვა რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სწავლების თანამედროვე მიდგომების პოპულარიზაცია, საგანთშორისი კავშირების ვიზუალიზაცია. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროცესში ეფექტურად და ეფექტიანად გამოყენების დემონსტრირება და დანერგვის ხელშეწყობა.
დღეისათვის საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში მომზადებულია ეროვნული სასწავლო გეგმის თანმხლები დოკუმენტები და საგანმანათლებლო მასალები, კერძოდ, საგნობრივი გზამკვლევები დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურისათვის, სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებზე ორიენტირებული აქტივობები, სანიმუშო გაკვეთილის გეგმები, დავალებათა კრებულები, სხვადასხვა სახის მეთოდური ლიტერატურა. ყველა ეს რესურსი ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას, თუმცა არსებული საგანმანათლებლო მასალები გაბნეულია, საჭირო მიზნით მათი მოძიება და შერჩევა პრობლემურია დაინტერესებული მხარეებისთვის და დროით რესურსს მოითხოვს. ახალი პორტალი ყველა ამ საგანმანათლებლო მასალის ერთ სივრცეში თავმოყრის პირველი მცდელობა.
პორტალზე გამოქვეყნებულია ყველა საგნობრივი პროგრამა, რომელსაც თან ერთვის სხვადასხვა სასწავლო რესურსი - სარეკომენდაციო, სანიმუშო აქტივობები, სიმულაციები, ანიმაციები, საგანმანათლებლო თამაშები, ვიდეომასალა და ა.შ. ელექტრონული ფორმატით წარმოდგენილ მასალას აქვს უპირატესობები, როგორიცაა სორტირება სასურველი ნიშნით (მაგ., კლასების მიხედვით, უნარების მიხედვით და ა.შ.), საჭირო ინფორმაციის სწრაფი ძიება, სხვადასხვა სახის მედიის ერთ მხედველობის არეში წარმოდგენა და ა.შ. პორტალზე პერმანენტულად აიტვირთება ახლადშექმნილი მასალა და რეგულარულად შეივსება სხვადასხვა რესურსით.
ვებპორტალის ამოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებასა და დანერგვასთან. ამ პროცესებში აქტიურად არიან ჩართულნი ესტონეთის განათლების სამინისტროს ფონდ INNOVE-ს ექსპერტები. ახალი ვებპორტალის პრეზენტაციაზე საქართველოში ვიზიტად მყოფმა ესტონელმა ექსპერტმა ეინარ ვარამ ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში ესტონული გამოცდილება გაუზიარა აუდიტორიას.