გაეროს ბავშვთა ფონდი, ესტონეთთან თანამშრომლობით ხელს უწყობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესში, რათა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა გახდეს მეტად ინკლუზიური და პასუხობდეს დინამიურ სამყაროში თანამედროვე გამოწვევებს. 2014 წელს I-VI კლასების საგნობრივი პროგრამების რევიზია დასრულდა, რაც საფუძველს მისცემს ახალი სახელმძღვანელოების მომზადების პროცესს 2015 წლიდან.
VII-XII კლასების ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია იგეგმება 2015 წელს. რევიზიის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს სხვადასხვა გამოცდილებისა და შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის მათი ინტერესების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნას, მათ შორის, უნდა განისაზღვროს ზოგადი და პროფესიული განათლების, ზოგადი და უმაღლესი განათლებისა და ზოგადი განათლებისა და შრომის ბაზრის კავშირები და აქცენტები.
გაეროს ბავშვთა ფონდი ასევე მხარს უჭერს სახელმწიფო უნივერსიტეტებს მომავალ მასწავლებელთა განათლების მიმართულებით. 2015 წელს ეს მხარდაჭერა განხორციელდება იმ რეგიონული უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც ახორციელებენ მასწავლებელთა განათლების პროგრამებს. გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და საქართველოს ამ თანამშრომლობის ფარგლებში მასწავლებელთა პოლიტიკის ფორუმი გაიმართება 2015 წლის აპრილში. ფორუმზე მასწავლებელთა განათლების საერთაშორისო ექსპერტები გააზიარებენ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებს და ხედვებს. საქართველოს გადაწყვეტილების მიმღები პირები და მასწავლებელთა ტრენერები იმსჯელებენ პოლიტიკის შესაძლებლობების, სწავლების ხარისხისა და მასწავლებლის პროფესიის სტატუსის შესახებ.