საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ 2014 წლის ანგარიში და 2015 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მეოთხე ნაკადის მსმენელთა გამოშვების საზეიმო ცერემონიაც გაიმართა. მინისტრმა თამარ სანიკიძემ, პარლამენტარებმა თინათინ ხიდაშელმა, ელისო ჩაფიძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, დარგობრივი კურსების დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს.
სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით, რომლებიც ორიენტირებულია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლებაზე, 2014 წლიდან განაახლა ფუნქციონირება. სკოლის სამიზნე ჯგუფს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონები წარმოადგენს. სამიზნე რეგიონებიდან საჯარო მოხელეების გადამზადების პროცესი სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება შემდეგ ერთთვიან დარგობრივ კურსებზე მიმდინარეობს:
სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უთმობს და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით, ხელს უწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას.
დარგობრივი კურსების პარალელურად, სკოლის 8 რეგიონალურ სასწავლო ცენტრში (დმანისი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, წალკა, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ლამბალო) ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის სახელმწიფო ენის საბაზისო კურსი ხორციელდება, რომლის მიზანია, მსმენელებს შეასწავლონ - სახელმწიფო ენის საფუძვლები, ქართულად წერა, კითხვა, ლაპარაკი, ტექსტური შეტყობინებების მომზადება, საქმისწარმოების მიზნით, წერილებისა და დოკუმენტების შედგენა.
2014 წლის ნოემბერში სკოლამ თანამშრომლობის მემორანდუმი პოლონეთის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან გააფორმა, რომელიც ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ახალი სასწავლო კურსების დანერგვასა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას ითვალისწინებს.